top of page
SARAJISHVILI ENISELI.jpg

ენისელი

საუკუნეზე მეტია, რაც „სარაჯიშვილი“ ღვინის ბრენდის გამორჩეულ ნიმუშებს ქმნის. საუკეთესო ხარისხის ღვინის ბრენდის დაბადების პროცესი ერთგვარი ხელოვნებაა, რომელშიც წარმატებული შედეგის მისაღწევად უმნიშვნელოვანეს როლს ადამიანი ასრულებს. უნიკალური საკუპაჟე კომპოზიცია ფაქიზი ინტუიციისა და არომატების აღქმის ნიჭის წყალობით იქმნება. სწორედ ასეთი ადამიანის, კომპანია „სარაჯიშვილის“ ტექნოლოგის, ვახტანგ ციციშვილის დამსახურებით მოევლინა სამყაროს ბრენდი „ენისელი“ და საკუთარი ისტორიის წერა დაიწყო.

 

არსებობს გამორჩეული ისტორიები, რომლებიც სცდება, უბრალოდ, უმაღლესი ხარისხის სასმელის შექმნის ჩარჩოს. სწორედ ასეთი ისტორიაა ბრენდი „ენისელი“.

 

ენისელის“ დაუვიწყარი გემო კომპანია „სარაჯიშვილის“ ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ეს კეთილშობილი, მუქი ოქროსფერი სითხე 1962 წელს დაკუპაჟებისას უკვე 14 წლის დაძველების იყო და მას შემდეგ, 50 წელზე მეტია, მუხის ბუტებში ინახება. ქართული ყურძნის გამორჩეული ჯიშისგან, „რქაწითელისგან“ მიღებული, მდიდარი გემოს მქონე ეს დახვეწილი სასმელი მუხის მერქნის, შოკოლადის, ვანილის, ყვავილებისა და ხილის არომატების ფაქიზი ბალანსით გამოირჩევა. ყვარლის მიკროზონის სოფელ ენისელის უნიკალური ქართული მიწა და მზე ის განუმეორებელი და შეუცვლელი პირობაა, რომელიც ამ ძვირფასი სითხის მრავალმხრივ  ხასიათს აყალიბებს და ბრენდის მოყვარულებს იდეალურ გემოსთან დაუვიწყარ შეხვედრას ჰპირდება. „ენისელი“ ყველა იმ საუკეთესო ტრადიციის ერთობლიობაა, რომელიც კომპანია „სარაჯიშვილის“ სავიზიტო ბარათია.

 

„ენისელის“ შექმნა მჭიდროდაა დაკავშირებული „სარაჯიშვილთან“ და დღეს კომპანია წარმოუდგენელია ამ გამორჩეული სასმელის გარეშე. ისევე, როგორც ყველა უნიკალურ პროდუქტს, „ენისელსაც“ თავისი  ისტორია აქვს. ამ სახელგანთქმული სასმელის ავტორი თბილისის კონიაკის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი ვახტანგ ციციშვილია. ციციშვილმა „ენისელი“ 1943 წელს შექმნა, თუმცა ის ლეგენდად იალტის 1945 წლის კონფერენციაზე იქცა. სტალინის თხოვნით, ოფიციალურ ვახშმებზე დიდი სამეულის წევრებს საბჭოთა წარმოების სასმელით უნდა გამასპინძლებოდნენ.

„ენისელმა“ კონიაკისა და ბრენდის დიდი მოყვარული და მცოდნე უინსტონ ჩერჩილი აღაფრთოვანა. მეტიც, თავდაპირველად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „ენისელი“ ფრანგულ კონიაკად მიიჩნია. სტალინის მადლიერებამ მისივე სახელობის პრემიის სახე მიიღო, რომლითაც ვახტანგ ციციშვილი 1947 წელს დააჯილდოეს. ეს უმაღლესი რანგის პრემია უნიკალური იყო ამ სფეროსთვის.

 

„ენისელმა“ განაგრძო ტრიუმფალური სვლა და წლების მანძილზე საერთაშორისო გამოფენებისა და კონკურსების უცვლელ ვარსკვლავად რჩებოდა, რასაც მისთვის მინიჭებული 4 გრან პრი, 2 სუპერ გრანპრი, 22 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი ადასტურებს.

ეს ღვინის ბრენდი არა მხოლოდ დახვეწილი თვისებების, მრავალფეროვანი გემოსა და არომატის უმაღლესი ხარისხის სასმელია, არამედ მისი შემქმნელის, ვახტანგ ციციშვილისა და კომპანია „სარაჯიშვილის“ ისტორიის ნაწილიც.

 

„ენისელი“ კომპანია „სარაჯიშვილის“ უმთავრეს ფასეულობებს – ისტორიას, ტრადიციებს, გამოცდილებას, სიახლისკენ სწრაფვას და ხარისხს განასახიერებს.

bottom of page