top of page
purple 1.jpg
CLASSIC

პრინცი ალექსანდრე

  „პრინცი ალექსანდრე“ კომპანია „სარაჯიშვილის“ გამორჩეულიპროდუქტია. ლიმიტირებული ღვინის ბრენდი „წინანდლის მამულთან“ ერთად შექმნილი პროდუქტია.

სასმელის  დახვეწილ გემოს მუხის მერქნის, შოკოლადის, ვანილის, ყვავილებისა და ხილის არომატების ფაქიზი ბალანსი განსაზღვრავს.

  „სარაჯიშვილის“ და „წინანდლის მამულის“ თანამშომლობას საფუძველი ისტორიულმა კონტექსტმა ჩაუყარა. მეგობრობის ისტორიას  მცირე, თუმცა ამაღელვებელი ფაქტები ცხადყოფს.

   „წინანდლის მამული“ სწორედ ის ადგილია, სადაც კლასიკური ქართული მეღვინეობა დაიბადა. ქართული ღვინო ბოთლში პირველად აქ ჩამოისხა. ალექსანდრე ჭავჭავაძე 1786 წელს დაიბადა, მისი დაწყებული საქმის გაგრძელება მთელი თანამედროვე ქართული მეღვინეობაა. 1841 წლის მოსავლის საფერავი და მე-19 საუკუნის სხვა ისტორიული ღვინოები  წინანდლის ენოთეკაში დღესაც ინახება.

     ნოვატორის როლში გვევლინება „სარაჯიშვილიც“, რომელიც პირველი ქართული ღვინის ბრენდის ჩამოსხმის ავტორია. კომპანია 1884 წელს დაარსდა, სამ წელიწადში კი მისი პირველი პროდუქტი გამოვიდა.

    წინანდლის საცავებში დავით სარაჯიშვილის  ღვინის ბრენდის ბოთლები არ შემოჩენილა, მაგრამ ღვინის ბრენდის მთავარ მწარმოებელს ღვინის ამ განთქმულ ქართულ მამულთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა: სარაჯიშვილი კასრებით უგზავნიდა კონიაკს მამულის უკანასკნელ საგვარეულო მფლობელს, დავით ჭავჭავაძეს. თავად დავითს კი ოცდაათი სპეციალური გრაფინი ჰქონდა და სტუმრებს სარაჯიშვილის კონიაკით უმასპინძლდებოდა. წინანდლის მამულში დღესაც ინახება დავით ჭავჭავაძისადმი მეგობრობის ნიშნად მიძღვნილი დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ფორაქიშვილის ფოტოები. საკუთარი ფოტოს მიძღვნა იმ დროს სიახლოვის გამოხატვის ფორმა იყო. წინანდალშივეა ნაპოვნი მცირე მუსიკალური ნაწარმოების ნოტები, რომელიც ჩვენთვის უცნობმა კომპოზიტორმა მამულში სარაჯიშვილის სტუმრობის ნიშნად შექმნა.

   თანამშრომლობის იდეა, პრეისტორიასთან ერთად, ორივე კომპანიის მდიდარი გამოცდილების  შედეგად გაჩნდა. „პრინცი ალექსანდრეს“ საწარმოებლად წინანდლის ვენახებში მოწეული ყურძენი „სარაჯიშვილის“ ქარხანაში იწურება, იქვე იხდება სპირტი, რომელიც შემდეგ  წინანადლის მამულებში კასრებში ძველდება. 

   საუკუნოვანი ტრადიცია, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, მრავალფეროვანი სპირტის რეზერვები და უახლესი ტექნოლოგიები განსაზღვრავს იმას, რომ  კომპანია „სარაჯიშვილი“ ღირსეულად განაგრძობს საქმეს, რომელსაც დავით სარაჯიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

   „სარაჯიშვილის“ და „წინანდლის მამულის“ წარსულიც, აწმყოცა და მომავლის ხედვაც ხარისხზე, პროფესიონალიზმსა და ნოვატორულ  ხედვაზე დგას.

   ისტორიის ემოციური ფრაგმენტების  ერთობლიობა კი იმის დასტურია, რომ  ახალი სასმელის, კავშირისა და მეგობრობის დაბადება ძველი სასმელის, კავშირისა და მეგობრობის ბუნებრივი გაგრძელებაა.

bottom of page